ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა
ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ი.გ-ს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

საქმის პროკურორმა გიორგი არახამიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და შუამდგომლობის საფუძველზე, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში ი.გ. და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ი.გ. პენიტენციურ სისტემაში მოიხდის ოთხ წელს, ერთი წელი კი იქნება პირობითი მსჯავრი გამოსაცდელი ვადით. რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, საქმეზე ამოღებული თანხა დაუბრუნდება კომპანია „ლენდოს“, ხოლო პისტოლეტი გადაეცემა შსს-ს“, – განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატი რომან კეიდია აცხადებს, რომ ი.გ-მ აღიარა და მოინანია დანაშაული, შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან.

ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ი. გ. პირველ იანვარს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ-მ ზუგდიდში, გასული წლის 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია „ლენდო“ დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.