ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდში, „რუხი მოლთან“ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს კერძო ავტოსადგურები.

მძღოლების თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემას არ მოაგვარებს, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გაგრძელდება აქცია და ის მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

„გუშინ გამაფრთხილებელი აქცია გვქონდა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენ შეგვაქვს ფული ბიუჯეტში. დროულად გაუქმდეს ყველა ხის ძირში არსებული კერძო და უკანონო ავტოსადგურები. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოდილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ“, – აცხადებენ მძღოლები.

მძღოლებმა აქცია გუშინაც გამართეს. მათი თქმით, მუშაობის საშუალება არ აქვთ, რადგანაც ზუგდიდში ძალიან  ბევრი კერძო ავტოსადგური გაიხსნა.

არსებული ინფორმაციით, კერძო სადგურისა და ავტოსადგურის მძღოლებს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.