ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას გამოკითხვა დასრულდა
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას გამოკითხვა დასრულდა

ლაშა გოგიამ, რომელიც მოდულის შენობაში გამოკითხვაზე ცხრა საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.

ლაშა გოგიამ ზუგდიდის მერის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ სწორედ ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო დატოვა.

ლაშა გოგიას გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ამავე საქმეზე მიმდინარეობდა კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტის ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას გამოკითხვა.

ამავე საქმეზე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია. ის ამბობს, რომ გამოძიებას მისცა აუდიოჩანაწერი, რომელიც კორუფციულ გარიგებას ეხება და სადაც ფიგურირებენ ზუგდიდის მაშინდელი მერი ლაშა გოგია, ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია და ასევე ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ზუგდიდის მერიის უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებს გადაუხადა თანხა, რათა ბიზნესმენს ზუგდიდის ტერიტორიაზე კონკრეტული უძრავი ქონებების დაუფლებაში დახმარებოდნენ.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ბიზნესმენმა ათი ათასი დოლარი ზუგდიდის მაშინდელ ვიცე-მერს გია გულორდავას გადაუხადა, რომელმაც თანამდებობა ზუგდიდის მერთან ერთად დატოვა. თუმცა გულორდავა ამ ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.

დატოვე კომენტარი