ზუგდიდის სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფება
ზუგდიდის სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში იმყოფება.

ბაჩანა შენგელია განათლების მინისტრისა და განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. შენგელია მინისტრს და მის წარმომადგენლებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ია კერზაიას შვილი სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების დარღვევაზე, ასევე ყალბი ანონიმური წერილის არსებობაზე საუბრობს.

როგორც გარდაცვლილი დირექტორის შვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, მისი მოთხოვნაა, გამოძიების მიმდინარეობისას განათლების მინისტრმა და ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვონ, რათა სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად არ ისარგებლონ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მანამდე, სკოლაში ანონიმური წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო.