ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან ხმაურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნიკა მელია და თინათინ ბოკუჩავა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა, გია დანელიამ პასუხი უნდა აგოს იმ განცხადებაზე, რაც ფარულ ჩანაწერებში ისმის.
საკრებულოს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. მოგვიანებით კი, ჟურნალისტები შენობაში შეუშვეს. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.
პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.