ზუგდიდის მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს
ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ.
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო და აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
კითხვაზე უკავშირდება თუ არა მერის გადადგომა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას, ნანავა ამბობს, რომ მისთვის ეს ყველაფერი უცნობია და „პირველად ესმის“.
ზუგდიდის მერის გადადგომაზე კომენტარი ასევე გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა გვასალიამ. მისი თქმით, ლაშა გოგიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო და როგორც სხვებმა, მანაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო.
ლაშა გვასალიას თქმით, მასთან მივიდა უცხო პირი, რომელმაც უთხრა, რომ არსებობდა ჩანაწერები, სადაც საუბარია ამაზრზენ კანონდარღვევაზე.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მერის გადაწყვეტილება სუს-ში დაწყებულ გამოძიებას ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობაზე, გვასალია ამბობს, რომ მისთვის უცნობია.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლაშა გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.