ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა - იბრაჰიმოვიჩი ბათუმში გვესტუმრება #1TVSPORT
ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა - იბრაჰიმოვიჩი ბათუმში გვესტუმრება #1TVSPORT

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მიიწვიეს. მანამდე ვარსკვლავის ნაკრებში დაბრუნებას ხელი ტრავმამ შეუშალა.

40 წლის ზლატანი 11 ნოემბერს საქართველოსთან და 14 ნოემბერს ესპანეთთან გასვლითი მატჩებისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ხუთწლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ ლურჯ-ყვითლების სემადგენლობაში მარტში დაბრუნდა და საქართველოს ნაკრებთან სტოკჰოლმში ითამაშა. ახლა ისევ საქართველოსთან შეხვედრით დაბრუნდება, რომელიც 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.

მარტის ბოლოს მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა და შვედეთმა ორივე მოიგო. მაგრამ ოცნება ვერ აიხდინა და ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიღებული მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა.

სექტემბრის შუა რიცხვებში „მილანში“ დაბრუნებულმა იბრაჰიმოვიჩმა აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც სექტემბრის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ორ მატჩიც გამოტოვა.

იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდა, ზედიზედ ხუთი თამაში ჩაატარა და ორჯერ გაიტანა. კვირას მან სერია A-ში „რომას“ წინააღმდეგ 150-ე გოლი გაიტანა

შეგახსენებთ, რომ ექვსი თამაშის შემდეგ, შვედეთი ევროპის შესარჩევი ზონის „ბ“ ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს და ესპანეთს ორი ქულით უსწრებს, საქართველოს ნაკრები კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა.