ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად დამარცხდა, ბერიძის გუნდი ლიდერია, ეგოიანმა ნიდერლანდებში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად დამარცხდა, ბერიძის გუნდი ლიდერია, ეგოიანმა ნიდერლანდებში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ერთ-ერთ კონკურენტ „კაიზაერსლაუტერნს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოდ, 6.0 შეფასება მიიღო. ქართველმა თავდამსხმელმა გოლი კი გაიტანა, თუმცა, არ ჩაუთვალეს.

გიორგი ბერიძემ 72 წუთი ითამაშა „ქოჯაელისფორში“, რომელმაც გასვლაზე „მალათიასფორი“ 3:1 დაამარცხა და თურქეთის I ლიგაში ლიდერობა მინიმუმ მომდევნო ტურამდე შეინარჩუნა. მეოთხე ადგილზეა „ერზურუმსფორი“, რომლის ფორმითაც გურამ გიორბელიძემ „ადანასფორთან“ 1:0 მოგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

დანიის სუპერლიგის ტური ამჯერადაც გიორგი გოჩოლეიშვილის გარეშე ჩატარდა. საქართველოს ნაკრების მცველის „კოპენჰაგენი“ „კოლდინგს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აქვს.

შოთა ნონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ჩერკასში“, რომელიც „ლივი ბერეგთან“ 1:3 დამარცხდა. ასევე 90 წუთი გაატარა მოედანზე ლუკა ლაცაბიძიმ ოდესის „ჩერნომორეცში“ „კრივბასის“ წინააღმდეგ. ქართველის გუნდმა 1:3 წააგო.

ნიდერლანდების I დივიზიონში ირაკლი ეგოიანმა საგოლე გადაცემა შეასრულა „მაასტრიხტთან“ და „ვიტესს“ გასვლაზე ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.7 ქულა.