”ზესტაფონმა” სფფ-ს აღმასკომს რეგიონულ ლიგაში დაშვების თხოვნით მიმართა
”ზესტაფონმა” სფფ-ს აღმასკომს რეგიონულ ლიგაში დაშვების თხოვნით მიმართა

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონმა” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს წერილით მიმართა, რომელიც კლუბის ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“22 იანვარს „ზესტაფონმა“ სფფ-ს მიმართა განცხადებით, საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში ჩვენი კლუბის წარმომადგენელი გუნდის დაშვების შესახებ. კლუბმა უკვე განაცხადა თანხმობა 2018 წლის სეზონში U15 და U17 გუნდების ასაკობრივ ტურნირებში მონაწილეობაზე. ამასთან, სფფ-მ შემოგვთავაზა U19 გუნდის ასაკობრივ ტურნირში მონაწილეობა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეგიონული ლიგის 40 გუნდიდან ერთ-ერთმა, თბილისის “ლოკომოტივი-2”-მა 2018 წლის გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ლიგაში ვაკანტური ადგილი გაჩნდა” – აღნიშნულია ”ზესტაფონის” წერილში.

კლუბს განცხადებით, ფედერაციას ამ წინადადებით ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით მიმართა.

”იმისათვის, რომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ჩემპიონატში რეინტეგრაცია მოხდეს უმტკივნეულოდ და მაქსიმალურად სწრაფად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 18-20 წლის მოზარდებით დაკომპლექტებულმა ჩვენმა გუნდმა სწორედ ამ საფეხურიდან გადადგას პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები”, – წერია წერილში.

”ზესტაფონში” მიიჩნევენ, რომ კლუბი მონაწილეობისთვის მზად არის.

”ჩვენი კლუბი საქართველოს ორგზის ჩემპიონია, ერთხელ ეროვნული თასისა და ორჯერ სუპერთასის მფლობელია. ”ზესტაფონი” ფლობს გამართულ ინფრასტრუქტურას: ორ საწვრთნელ ბაზას (ზესტაფონსა და თბილისში) და უეფა-ს მეორე კატეგორიის მქონე სტადიონს ზესტაფონში. შესაბამისად, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობისათვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებისა და ჩვენი კლუბის 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის შემდგომი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად, აგრეთვე „ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაციისათვის, გთხოვთ გამონაკლისის სახით კლუბი რეგიონული ლიგის 2018 წლის გათამაშებაში დაუშვათ. ასეთ შემთხვევაში, ფონდის დაფინანსების გარდა, კლუბში დამატებით ფინანსურ სახსრებს მოვიზიდავთ, რის შესახებ ინვესტორთან შეთანხმება უკვე მიღწეულია”, -წერია წერილში.