„ზესტაფონი“ ახალი სეზონისთვის ემზადება - გუნდმა იტალიაში ნათამაშები მეკარე დაიმატა #1TVSPORT
„ზესტაფონი“ ახალი სეზონისთვის ემზადება - გუნდმა იტალიაში ნათამაშები მეკარე დაიმატა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ლიგა 3-ის ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გასულ წელს გუნდი ლიგა 3-დან გავარდა, მაგრამ სამმა გუნდმა ლიცენზირება ვერ გაიარა და „ზესტაფონი“ ლიგაში დააბრუნეს.

სამწვრთნელო შტაბმა გუნდის დაკომპლექტება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, მალხაზ ღონღაძემ ახალგაზრდული შემადგენლობა შეკრიბა და ზესტაფონში, საკუთარ სპორტულ კომპლექსში ავარჯიშებს.

პირველ ვარჯიშში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. „ზესტაფონის“ პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს დღეებში გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდება. ერთ-ერთი ახალწვეული ბოლოს იტალიაში თამაშობდა – ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილი მეკარე შოთა იგითხანიანი, რომელიც მარტვილის „მერანსა“ და ვანის „სულორში“ გამოსვლის შემდეგ იტალიაში წავიდა და „ტუტოკოიოსა“ და „სანტა კროჩეს“ ღირსებას იცავდა.

„ზესტაფონი“ სეზონს 5 აპრილს დაიწყებს და სტუმრად საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. 2023 წლის სეზონში, ლიგა 3-ში „ზესტაფონის“ გარდა კიდევ 15 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება, 2 გამარჯვებული ლიგა 2-ში დაწინაურდება, მესამე-მეოთხეადგილოსნები პლეიოფში ითამაშებენ, ხოლო ბოლო სამი გუნდი ლიგა 4-ში დაქვეითდება.