"ზესტაფონი" რეგიონულ ლიგაში დაბრუნდა
"ზესტაფონი" რეგიონულ ლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა “ზესტაფონი” რეგიონულ ლიგაში დააბრუნა. გადაწყვეტილება აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

“ზესტაფონის” საკითხი ბოლო აღმასკომზე უნდა განეხილათ, თუმცა გუნდის პრეზიდენტი და მფლობელი, ილია კოკაია არ გამოცხადდა, კლუბის იურისტი კი, სხდომაზე არ დაუშვეს და საკითხიც არ განხილულა. მოგვიანებით, ილია კოკაიამ განაცხადა, რომ არსებული ვითარება ქართულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილს უკარგავს. სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კი, კოკაიას პასუხად განაცხადა, რომ მას ქართულ ფეხბურთში დაბრუნება თავად არ სურს.

ცოტა ხნის წინ, კლუბმა სფფ-ს მიმართა, რომ გამონაკლისის წესით, გუნდი რეგიონულ ლიგაში დაეშვათ, რადგან “ლოკომოტივი 2”-მა მონაწილეობაზე უარი განაცხადა და 40 გუნდის ნაცვლად, 39 კლუბი დარჩა.

ამასთან, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ახალი ფორმაციის პირველი გუნდი მოახლოებული სეზონის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. 13 თებერვალს, გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა – „ზესტაფონის“ ბაზაზე მათ ეროვნული ლიგა-3-ის „ბორჯომთან“ 1:2 წააგეს.