ზელენსკი აცხადებს, რომ დროებით ზავზე რუსეთის ინიციატივის შესახებ თავის ადმინისტრაციას ტრამპის გუნდთან დაკავშირება დაავალა
ზელენსკი აცხადებს, რომ დროებით ზავზე რუსეთის ინიციატივის შესახებ თავის ადმინისტრაციას ტრამპის გუნდთან დაკავშირება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ზავთან დაკავშირებულ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადმინისტრაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან დაკავშირება და რუსული წინადადების დეტალების გარკვევა დაავალა.

„ჩვენ გავარკვევთ, რაზეა საუბარი, მოსკოვში აღლუმის რამდენიმესაათიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თუ სხვა რამეზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და ომის დასასრულებლად საჭირო დიპლომატიურ სამუშაოებს ახორციელებს.

„ჩვენი წინადადებაა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც უზრუნველყოფს ხალხის საიმედო უსაფრთხოებას და ხანგრძლივ მშვიდობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უკრაინა მზადაა, ამ მიმართულებით იმუშაოს ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს 9 მაისის აღლუმთან დაკაშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა. იური უშაკოვის თქმით, ტრამპმა „ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი“.