იური უშაკოვი - სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მაისის დასაწყისში უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა
იური უშაკოვი - სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მაისის დასაწყისში უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას მაისის დასაწყისში უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა. ვლადიმერ პუტინმა კი აცნობა თავის ამერიკელ კოლეგას, რომ მზადაა, გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს. ტრამპმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე ჩვენს საერთო გამარჯვებას აღნიშნავს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ამასთან, იური უშაკოვის თქმით, ტრამპმა პუტინთან საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინაში საომარი მოქმედებების, რაც შეიძლება მალე შეწყვეტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. მისივე თქმით, ამერიკული მხარე გააგრძელებს კონტაქტს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან.

„დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინაში კონფლიქტს დაასრულებს, ახლოსაა“, – აღნიშნა უშაკოვმა.

მისივე განცხადებით, ორივე ქვეყნის ლიდერებმა მსგავსად შეაფასა კიევის ხელისუფლების ქმედებები.

„ვლადიმერ პუტინმაც და დონალდ ტრამპმაც მსგავსი შეფასებები გააკეთეს ზელენსკის ხელმძღვანელობით კიევის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც, მათი თქმით, ევროპელების წახალისებითა და მხარდაჭერით, კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს,“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.

გარდა ამისა, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველია, ეს მოლაპარაკებების პროცესის შედეგად მოხდეს.

„ამისთვის საჭიროა, რომ ზელენსკიმ დადებითად უპასუხოს იმ ცნობილ წინადადებებს, რომლებიც არაერთხელ იქნა წარმოდგენილი, მათ შორის აშშ-ის მხრიდანაც“, – განაცხადა უშაკოვმა.