ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ძილის ნაკლებობა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ძილის ნაკლებობა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ახალი ამბების სტატიებსა თუ სოციალური მედიის პოსტებში გამუდმებით გვახსენებენ, რომ მეტი უნდა გვეძინოს. ალბათ აღარ გსურთ იმის მოსმენა, რომ არასაკმარისი ძილი საზიანოა თქვენი თავის ტვინისთვის, გულისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანზე და სექსუალური ლტოლვაზე.

თუმცა, რაც შეეხება ზედმეტ ძილს? შეიძლება გესიამოვნოთ ახალი ცნობები იმის შესახებ, რომ ცხრა საათზე მეტხანს ძილი შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ძალიან ცოტა ძილი.

რამდენი ძილია საჭირო? რას გვეუბნება ზედმეტი ძილი ჯანმრთელობის შესახებ?

კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი დედაბოძია.

ძილში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც გაღვიძების შემდეგ ჩვენს სხეულს ეფექტიანად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. მათ შორისაა კუნთების აღდგენის პროცესი, მეხსიერების კონსოლიდაცია და ემოციური რეგულირება.

ავსტრალიის ძილის ჯანმრთელობის ფონდი — ავსტრალიის წამყვანი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას გვაწვდის ძილის ჯანმრთელობის შესახებ — ზრდასრულებს ღამეში შვიდიდან ცხრა საათამდე ხანგრძლივობის ძილს ურჩევს.

ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად სძინავს ცოტა და კარგად ფუნქციონირება შეუძლიათ შვიდ საათზე ნაკლები ძილის შემთხვევაშიც კი.

თუმცა, უმეტესი ჩვენგანისთვის, შვიდ საათზე ნაკლებ ძილს უარყოფითი ეფექტები აქვს. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი ეფექტები; მაგალითად, ღამით ცუდი ძილის შემდეგ, შეიძლება იყოთ უენერგიოდ, ცუდ განწყობაზე, დასტრესილი და სამსახურში გიჭირდეთ კონცენტრაცია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმარისი ოდენობის კარგი ხარისხის ძილის გარეშე ყოფნა ჯანმრთელობის პრობლემების ძირითადი რისკფაქტორია. დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან — როგორიც არის თუნდაც გულის შეტევა და ინსულტი — მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის მეორე ტიპის დიაბეტი, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება, როგორიცაა დეპრესია და შფოთვები, კიბო და სიკვდილი.

შესაბამისად, აშკარაა, რომ არასაკმარისი ძილი ჩვენთვის ცუდია. თუმცა, რაც შეეხება ზედმეტ ძილს?

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა მიმოიხილეს 79 სხვა კვლევის შედეგები, რომლებშიც ადამიანებს სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ და ზომავდნენ, თუ რა გავლენას ახდენს ძილის ხანგრძლივობა ცუდი ჯანმრთელობის რისკზე ან სიკვდილზე; მკვლევრებს აინტერესებდათ, გამოიკვეთებოდა თუ არა რაიმე ზოგადი ტენდენცია.

ასე დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა ეძინათ — ღამეში შვიდ საათზე ნაკლები — კვლევის პერიოდში სიკვდილის 14 პროცენტით მაღალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ღამეში შვიდიდან-რვა საათამდე ეძინათ. შედეგები სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცუდი ძილის რისკები ჯანმრთელობაზე ისედაც დადგენილი იყო.

თუმცა, მკვლევრებმა ასევე გაარკვიეს, რომ ვისაც ბევრი სძინავს — რასაც ისინი განსაზღვრავენ ღამეში ცხრა საათზე მეტს — სიკვდილის უფრო დიდი რისკი აქვთ: 34 პროცენტით მაღალი, ვიდრე მათ, ვისაც ღამეში შვიდიდან რვა საათამდე სძინავს.

შედეგები მხარს უჭერს 2018 წელს ჩატარებული ასეთივე კვლევის შედეგებს, რომელშიც შეაჯამეს წინა 74 კვლევის შედეგები. ამ კვლევებში მონაწილეთა ძილს და ჯანმრთელობას დიდი დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ, 1-დან 30 წლამდე. ამ მასშტაბურ კვლევაში დადგინდა, რომ ცხრა საათზე მეტხანს ძილი დაკავშირებული იყო კვლევის პერიოდში სიკვდილის 14 პროცენტით მაღალ რისკთან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დიდხანს ძილი (თქვენი ასაკისთვის საჭიროზე მეტი) დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია, ქრონიკული ტკივილი, წონის მატება და მეტაბოლური აშლილობები.

შეიძლება შემაშფოთებლად ჟღერდეს, მაგრამ გადამწყვეტია გახსოვდეთ, რომ ამ კვლევებში დადგინდა მხოლოდ კავშირი დიდხანს ძილსა და ცუდ ჯანმრთელობას შორის, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდხანს ძილი აუცილებლად არის ჯანმრთელობის პრობლემების ან სიკვდილის მიზეზი.

დიდხანს ძილსა და ცუდ ჯანმრთელობას შორის კავშირზე შეიძლება მრავალი ფაქტორი ახდენდეს გავლენას.

ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დიდხანს ძილი ისედაც დამახასიათებელია. მათ სხეულს შეიძლება დამატებითი დასვენება სჭირდებოდეს აღსადგენად, ანდაც შეიძლება საწოლში დიდ დროს ატარებდნენ სიმპტომების ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო.

ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონეებს ასევე შეიძლება არ ჰქონდეთ მაღალი ხარისხის ძილი და ამიტომ, საწოლში უფრო დიდ დროს ატარებდნენ იმის ცდაში, რომ როგორმე მეტი იძინონ.

ამას გარდა, ცნობილია, რომ ცუდი ჯანმრთელობის ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა მოწევა და ჭარბწონიანობა ასევე დაკავშირებულია ცუდ ძილთან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს დიდხანს შეიძლება ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემების ან ცხოვრების სტილის გამო ეძინოთ და არა იმას, რომ დიდხანს ძილი განაპირობებს ცუდ ჯანმრთელობას.

მარტივად რომ ვთქვათ, დიდხანს ძილი შეიძლება ცუდი ჯანმრთელობის სიმპტომი იყოს და არა მიზეზი.

იდეალური რაოდენობა

მიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ცოტა სძინავს, ზოგს კი მეტი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ სხვაობებზე, მაგრამ ეს სხვაობები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ძილი დამოკიდებულია ასაკზეც. თინეიჯერებს ხშირად დიდხანს ძილი უნდათ და შეიძლება ამის ფიზიკური საჭიროებაც ჰქონდეთ. თინეიჯერების ძილის რეკომენდებული რაოდენობა ზრდასრულებზე ოდნავ მაღალია — რვიდან ათ საათამდე. ისინი შეიძლება უფრო გვიან იძინებდნენ და გვიან დგებოდნენ.

დიდხანს ძილის სურვილი შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულებსაც. თუმცა, თუკი მათ ძილის დარღვევა არ აქვთ, საჭირო ძილის ოდენობა იგივეა, რაც მათ ახალგაზრდობაში იყო.

ზრდასრულთა უმეტესობისთვის საჭირო ძილის რაოდენობა შვიდიდან ცხრა საათამდეა — ჯანმრთელობისთვის იდეალური ვარიანტი.

ამას გარდა, ხშირად მხოლოდ ძილის რაოდენობა არაფერს ნიშნავს. კარგი ხარისხის ძილი და დაძინებისა და გაღვიძების თანმიმდევრული დრო თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ასეთივე მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა.

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოში მრავალ ადამიანს რეკომენდებული რაოდენობით არ სძინავს, უფრო იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომ საკმარის ხანს გვეძინოს, ვიდრე გვაღელვებდეს ზედმეტი ძილი.

იმისათვის, რათა ღამით კარგად დაიძინოთ, მეტი დრო გაატარეთ დღის სინათლეზე და დღის განმავლობაში აქტიური იყავით, ეცადეთ, შეეჩვიოთ დაძინებისა და გაღვიძების რეგულარულ დროს. დაწოლამდე ერთი საათით ადრე თავი აარიდეთ ეკრანებს, დაკავდით რაიმე მომადუნებლით და დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებელი წყნარი, ბნელი და კომფორტულია.

თუ შენიშნეთ, რომ რეგულარულად იმაზე მეტხანს გძინავთ, ვიდრე გჩვეოდათ, შეიძლება ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცაზე განიშნებდეთ.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.