ზედიზედ მეორე მოგება ნაგოია ბაშოზე - ტოჩინოშინმა მეტოქე მარტივად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-8 დღეს, ქართველი სუმოისტი, მე-8 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 5-2-ზე ჰქონდა და მარტივად დაამარცხა.
ბრძოლის დაწყებისთანავე მიდორიფუჯი მავაშის აღებას ცდილობდა, მაგრამ გორგაძემ ამის საშუალება არ მისცა და ჰატაკიკომით 2 წამში მოიგო.
ტოჩინოშინს ამ გამარჯვების შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. ნაგოია ბაშოზე პირველად მოხდა, რომ ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ ორი დაპირისპირება მოიგო. ხვალ, 18 ივლისს მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება.