ზედიზედ მე-5 გამარჯვება - „სამტრედია“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
ზედიზედ მე-5 გამარჯვება - „სამტრედია“ მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 28-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა, რომლის შედეგმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა.

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარტვილის „მერანმა“ მეორე ადგილზე დაბრუნების კარგი შანსი გაანიავა. გუნდმა გასვლაზე საგარეჯოს „გარეჯთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0.

ამით კარგად ისარგებლა „სამტრედიამ“, რომელიც გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – მე-5 წუთზე „სამტრედიას“ კარი ამირან ძაგანიამ აიღო.

სტუმრებმა პირველივე ტაიმში წონასწორობა აღადგინეს და დაწინაურებაც მოახერხეს – შოთა ავლოხაშვილის (27) ავტოგოლის შემდეგ გოლი ბაქარ ლაღაძემ (31) აიღო. შესვენების შემდეგ „სამტრედიამ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა – თავი ვარლამ კილასონიამ (48) და დათო კირკიტაძემ (52) გამოიჩინეს.

„სამტრედიამ“ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა და 39 ქულა დაუგროვდა, მარტვილის „მერანს“ (28) გადაასწრო და მეორე ადგილზე დაწინაურდა. თუმცა, სატურნირო ცხრილში ცვლილება ტურის დარჩენილი ორი მატჩის გამართვის შემდეგ გაირკვევა.