ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატი - ვენდობით საგამოძიებო კომისიას და მისი მუშაობის დიდი იმედი გვაქვს 
ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატი - ვენდობით საგამოძიებო კომისიას და მისი მუშაობის დიდი იმედი გვაქვს 

ჩვენ ვენდობით ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას და სამუშაო პროცესში ჩავერთვებით, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

კომისია არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძესა და ადვოკატს ხვალ შეხვდება.

ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ კომისიას დეტალურად გააცნობს ყველა მტკიცებულებას და დარღვევებს. მისი თქმით, საუბარი შეეხება მტკიცებულებების განადგურების საკითხსაც. ადვოკატი კონკრეტულ ფაქტებზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კომისია ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

ლონდარიძე ამბობს, რომ  ისინი ენდობიან დროებით საგამოძიებო კომისიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებოდნენ.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, სხვაგვარად თანამშრომლობას არ დავიწყებდით კომისიასთან. ცხადია, ვენდობით და დიდი იმედი გვაქვს მათი მუშაობის. თვალყურს ვადევნებთ და ჩავერთვებით სამუშაო პროცესში“,  – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა. შეხვედრა სარალიძის სახლში შედგა. ამასთან, კომისია დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.