ზაზა სარალიძე - შსს გამოხატავს მზაობას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი
ზაზა სარალიძე - შსს გამოხატავს მზაობას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი

შსს გამოხატავს მზაობას, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი, – ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ შს სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უწყებაში მან საქმის მასალების გაცნობა დაიწყო.

„საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია, მაგრამ საქმის მასალების გაცნობა დავიწყეთ. ძალიან რთულია, ეს რამდენიმე საათში მოხერხდეს და ბოლომდე ჩავიდეთ, დაგვრჩა კიდევ რაღაც-რაღაცები გადასახედი.

რაც შეეხება ბრალეულობების გამოკვეთას, ამას მე ვერ გეტყვით. ძირითადად მაინტერესებდა, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული და ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული.

კონკრეტულად ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან ძალიან ბევრია ჯერ კიდევ გადასახედი. საბოლოო დასკვნა რომ გამოვიტანო, ბოლომდე უნდა წავიკითხო საქმის მასალები. დღის წესრიგში დგას კონკრეტული პირების დაკავების საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს, რა ხდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დგას თუ არა კალანდიას დაკავების საკითხი.

„შსს-ში ყოველთვის იდგა ეგ საკითხი. რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ალბათ კიდევ მიმდინარეობს.
როგორც ასეთი, განსაკუთრებული კითხვა არ დამისვამს, რომ რატომ არ მოხდა ეს ასე. ბოლომდე უნდა ჩავიკითხო საქმის მასალები, რომ კითხვები გამიჩნდეს.

როგორც კი მოვრჩებით შსს-ში ამ მასალების გაცნობას, აუცილებლად გადავინაცვლებთ გენერალურ პროკურატურაში, სადაც მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს.

ზოგადად, შსს გამოხატავს მზაობას, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.