ზაზა სარალიძე - მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს
ზაზა სარალიძე - მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლაში დაეხმაროს.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა ქვეყნის მომავალი მთავარსარდლობა, უნდა მივიდეს პარლამენტის შენობასთან და მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების აღსრულებაში დაეხმაროს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს – მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათამდე კარავი გაშალეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ კარვებში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და სიმბოლურად, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.