ზაზა სარალიძე - რა უნდა გამოიძიოს შსს-მ, მოწმეები დაშინებული არიან, ნივთმტკიცებები აღარ არის
ზაზა სარალიძე - რა უნდა გამოიძიოს შსს-მ, მოწმეები დაშინებული არიან, ნივთმტკიცებები აღარ არის

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მოთხოვნა უცვლელია, ის შვილის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხედავთ, როგორ ცდილობს წულუკიანი, როგორ ცდილობს პრემიერ-მინისტრი კიდე მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებსო და რას გამოიძიებს, მოწმეები დაშინებულია, რომლებიც ხმას აღარ ამოიღებენ, ნივთმტკიცებები აღარ არის, რა უნდა გამოიძიოს. გამოძიებული აქვთ საქმე და გახსნან პირდაპირ. დააკავონ აბსოლუტურად ყველა. კონკრეტული მოთხოვნები მაქვს – სისტემას ვინც მფარველობს, ისინი ძირს სულ ყველა“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, პარლამენტის წინ დღეს დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.

სარალიძისგან განსხვავებით, აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავა ძირითად მოთხოვნებზე საუბრისას აქცენტს ხელისუფლების გადაყენებაზე აკეთებს.

„ჩვენი მიზანია, სისტემა სამუდამოდ დავანგრიოთ. ის, რომ ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, არ ნიშნავს, რომ სისტემა იქნება დანგრეული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა აშენდეს ახალი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული სამართლებრივი ძალოვანი უწყებები“, – განაცხადა კუპრავამ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ისინი პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან.

აქცია გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ჯერ მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებთან მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შეკრებილებს მიმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა გიორგი კვირიკაშვილისკენ ბოთლები ისროლა.

მოგვიანებით, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა.