პირველად საქართველოს წარმომადგენელთაგან ოლიმპიურ თამაშებზე ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა იასპარეზა, რომელმაც 1972 წელს მიუნხენში ორადგილიანი ბაიდარათი გამოსვლისას ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ზაზა ნადირაძე 2018 წელს ბელგრადში ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი მას პოზნანში მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედალი გადაეცა.
ზაზა ნადირაძე 2020 წლიდან საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია.
ზაზა ნადირაძემ საქართველოს რადიოს სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას სპორტის ამ სახეობის განვითარების მომავალზე და პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან რთული იყო იმ გადაწყვეტილების გააზრება, რომ ჩემი სახეობა, 200 მეტრიანი სპრინტი ოლიმპიური პროგრამიდან ამოიღეს და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ 1000 მეტრიანი დისტანცია დატოვეს. ეს დისტანცია უცხო იყო ჩემთვის, სპრინტერს ძალიან გაუჭირდება ამ მანძილის დაძლევა, რადგან აქ სულ სხვა მომზადებაა საჭირო, ვინც 200 მეტრზე ჩემი კონკურენტი იყო ვერავინ შეძლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა. 200 მეტრ სპრინტს ძირითადად ყოფილი საბჭოური ქვეყნის წარმომადგენლები, 1000 მეტრს კი უკვე ევროპელები იგებდნენ და საერთაშორისო ფედერაციამაც ეს გადაწყვეტილება სწორედ ევროპელების სასარგებლოდ მიიღო. აქ გენდერულ თანასწორობაზეც იყო საუბარი და კანოეს სპრინტი მანდილოსნების კანოეთი ჩაანაცვლეს, რაც სპორტის ამ სახეობაში პირველად მოხდა რადგან მანამდე გოგონები სპრინტზე არ ისხდნენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება 500 მეტრიანი დისტანცია, თუმცა ამჯერად უკვე მეწყვილეა საჭირო, დღეისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან სპორტსმენთან და თუკი ეს შეთანხმება შედგა, მაშინ ჩვენი ნავი უკვე ლიდერი იქნება. ეს შეთანხმება საერთაშორისო ფედერაციის დებულების თანახმად მაქსიმუმ ორ თვეში ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და დღეს ჩემს გარდა კიდევ ორი-სამი ათლეტია, ვისაც ლიცენზიის მოპოვების რეალური შანსი აქვს. ესენი არიან – მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი და ალექსი წივწივაძე, ვინც 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დაახლოებით ერთ თვეში უკვე შეკრებები დაიწყება, წელს მხოლოდ ერთი შეჯიბრი დაგვრჩა, სადაც უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენი მეორე გუნდის და ახალგაზრდული ნაკრების წევრები გამოვლენ. პანდემიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი კვიპროსში ჩასვლაზე უარს ამბობს და ამ დღეებში გადაწყდება საერთოდ ჩატარდება თუ არა 2021 წლის ბოლო საერთაშორისო ტურნირი.
პანდემიამ და რეგულაციებმა ჩვენზე ძალიან რთულად იმოქმედა, რადგან ჩვენ სავარჯიშო ბაზა არ გაგვაჩნია, ჩვენი კონკურენტები კი საკუთარ, ერთიანი სივრცის მქონე ბაზებზე ვარჯიშობდნენ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიჩბოსნობასთან მხოლოდ ზაზა ნადირაძის სახელი არ ასოცირდება და ახალ-ახალი სახეები გამოჩნდნენ. ძალიან კარგი თაობა მოდის, მაგრამ გვიჭირს, რადგან ბევრ დიდ ქალაქში ნიჩბოსნობის ბაზა საერთოდ არ არსებობს.
იყო პერიოდი, როდესაც მარტო და თან დაწეპებული ნავით ვვარჯიშობდი, მერე უკვე გვქონდა ერთი ნავი და წვრთნის პროცესი მორიგეობით მიმდინარეობდა, მაშინ მოტივაცია მქონდა ის, რომ ამ მინიმალური პირობებით შედეგი დამეფიქსირებინა. იმ დროს ყველა მეუბნებოდა დაანებე თავი არ გამოვა არაფერი და დროს ნუ კარგავო. იმ ურთულეს პირობებში ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერები ოჯახის წევრები იყვნენ. ყინვასა და ქარში ვარჯიშის შემდეგ როდესაც სახლში ფაქტიურად სველი და გათოშილი ვბრუნდებოდი დედა ბრაზობდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ხელი მაქსიმალურად შეეწყო.
იმ დროს მე თან მშენებლობაზე ვმუშაობდი, 12 საათამდე ლექციებზე ვიყავი, 12-ის მერე მშენებლობაზე და საღამოს ვარჯიში მქონდა, ეს ყველა ჩემმა კონკურენტმა იცოდა და როდესაც მათ ამა თუ იმ ტურნირს მოვუგებდი, მწვრთნელები ხუმრობდნენ, სადაც შენ მუშაობ იმ მშენებლობაზე მოვდივართ და ნაკრების წევრებისთვის შეკრება იქ უნდა დავგეგმოთო…
ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსია, სადაც ნიჩბოსნობისთვის იდეალური ბაზის ჩამოყალიბება შეიძლება და თუკი ინფრასტრუქტურა განვითარდება ეს არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ ბუნებრივი რესურსების გამო დღეს ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი გვეკითხება მივცემთ თუ არა მათ საქართველოში საწვრთნელი პროცესის ჩატარების შესაძლებლობას.
დღეს ეროვნული ნაკრების ყველა წევრს საკუთარი ნავი აქვს და მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეხმარებიან. მცხეთაში არის ერთ-ერთი კარგი საწვრთნელი ბაზა, აქ დღეს უკვე ბევრი ბავშვი ვარჯიშობს, ფოთიც, რა თქმა უნდა, დატვირთულია, მაგრამ იქ ბაზის თვალსაზრისით არცთუ სახარბიელო სიტუაციაა, ძალიან კარგი ბაზა შენდება რუსთავში და იმდენად კარგი პროექტია, რომ შესაძლოა ეს სპორტული კომპლექსი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოც კი გახდეს, ბათუმშიც არის სასიკეთო ძვრები და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებამდე მიგვიყვანს.
მწვრთნელთა რესურსიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძველი ნიჩბოსნები ვინც იყვნენ სპორტში დაბრუნდნენ. ვგეგმავთ, რომ მათი გადამზადების მიზნით ჩვენთან სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ და მათთვის უკვე აქ ჩატარდეს ტრენინგები.
დღეს ქართველ გულშემატკივართა რიცხვიც ძალიან გაიზარდა, უკვე ყველა მათგანმა იცის დისტანციები როგორ არის გადანაწილებული და ეს ძალიან კარგი ფაქტია და ჩვენც უკვე სიამაყის შეგრძნება გვაქვს.“