ზაზა ხუციშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე მხარდაჭერა საერთო „ჩატში“ მოითხოვა
ზაზა ხუციშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს  ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე მხარდაჭერა საერთო „ჩატში“ მოითხოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი უარყოფს ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მხარდაჭერა საერთო „ჩატში“ მოსთხოვა.

როგორც ჟურნალისტებს ხუციშვილმა განუცხადა, დეპუტატებმა ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.

„ასეთი რამ არ ყოფილა. როცა უმრავლესობის ფორმატში შევიკრიბეთ და პროექტზე მსჯელობა იყო, აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ძალიან სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დარბაზში გავიდოდით და ვისაც სწორად როგორ მიაჩნდა, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ამის შედეგი იყო ის, რომ ეს ცვლილებები 63 ხმით გავიდა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ამასთან, ხუციშვილი პრეზიდენტის ვეტოსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს არგუმენტები სჭირდებათ, რათა მოტივირებულ შენიშვნებზე საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ.

„კანონპროექტი სამი მოსმენით უკვე მიღებულია, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ახლა პარლამენტი მსჯელობს იმაზე, ვეტო უნდა დაძლიოს თუ არა. დღეს დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, არის თუ არა სარეკლამო ბაზარი მზარდი. ამაზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, რადგან უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, სწორია თუ არა პრინციპი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულ ბაზარზე შემოვიდეს. ბაზარი მზარდია თუ არა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბაზარი ან მოიმატებს, ან – არა. მზარდობაზე აქცენტის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია, რადგან იდეალური მოდელი არ არსებობს, ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს. არის ქვეყნები, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამას ყიდის. არის ქვეყნებიც, სადაც ისეთი მოდელი არ აქვთ, სადაც დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტზეა მიბმული. იცით, რომ მმართველ გუნდში ბევრი განსხვავებული აზრი იყო და ცვლილებები დაბალი მაჩვენებლით გავიდა. ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ”, – აღნიშნა ხუციშვილმა.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა და მათ საერთო „ჩატში“ მოუწოდებდა, რომ კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მონაწილეობით, საკანომდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მსჯელობენ.