ზაზა გახელაძის მამა - სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ გავმართოთ საპროტესტო აქციები და ასე მოვითხოვოთ ზაზას გათავისუფლება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ მათ ახალი არაფერი მოუსმენიათ.
მიხეილ გახელაძის განცხადებით, როგორც ჩანს, მისი შვილის გათავისუფლებას ჯერ არავინ აპირებს და ამიტომაც მიმდინარეობს საუბარი ზაზა გახელაძის მოსანახულებლად, ოჯახის წევრების ცხინვალში ჩაყვანაზე.
აქედან გამომდინარე, ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„ახალი არაფერი მოგვისმენია. გვეუბნებიან, რომ გრძელდება მოლაპარაკებები, მაგრამ შედეგი არაა. საუბარი, რომ ცხინვალში შეგვიყვანენ ზაზას მოსანახულებლად, ცხადყოფს, რომ ჯერ არავინ აპირებს მის გათავისუფლებას. ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია, გავმართოთ საპროტესტო აქციები და ასე მოვითხოვოთ ზაზას გათავისუფლება“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის დასრულებას ერგნეთში ელოდებოდა.
შეხვედრის შედეგები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გააცნო.
ანთაძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს მხარეები გააგრძელებენ. ამასთან, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ოჯახმა შეძლოს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულება.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება იყო. ზაზა გახელაძის საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად. ამაზე გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისვან. ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება. გარდა ამისა, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ოჯახის წევრების ვიზიტი ცხინვალში ზაზა გახელაძის მოსანახულებლად. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ეს თარიღი ცნობილი გახდება. მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რომ პროცესი არ დაზიანდეს. თვითონ ის ფაქტი, რომ კონსულტაციები გრძელდება, არის მრავლისმთქმელი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.