ზაზა გახელაძის მამა გადაწყვეტილებას ცვლის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აღარ აპირებს
ზაზა გახელაძის მამა გადაწყვეტილებას ცვლის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აღარ აპირებს

ზაზა გახელაძის მამა პატრიარქის თხოვნით ცვლის გადაწყვეტილებას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს აღარ გადავა. მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პატრიარქის და ოჯახის თხოვნით შეცვალა.

ძალაში რჩება ოჯახის მიერ დღეს დაანონსებული აქცია. დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მხარდამჭერი აქცია სოფელ ქვემო ჭალაში ორ საათში დაიწყება.

„როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა. მე ვთქვი, რომ გადავალ და მინდოდა ეს შემესრულებინა, მაგრამ პატრიარქის, ჩვენი უწმინდესის თხოვნით ვცვლი ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივწერეთ წერილი პატრიარქს და პატრიარქის დიდი თანაგრძნობა იყო. საპატრიარქომ გაამზადა წერილი რუსეთის პატრიარქის სახელზე და დაველოდებით. პატრიარქის და ჩემი ოჯახის თხოვნით აღარ გადავალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და აღარ გადავდივარ. მხოლოდ იმ პირობით, დაველოდებით ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე თუ რამე არ შეიცვალა და რაიმე პასუხი არ მოგვცეს აუცილებლად გადავალ. შეიძლება რომ გადავიდე ამით უფრო დავუმძიმო ჩემს შვილს, მაგრამ მე არაფერი დამრჩენია სხვა. უნდა აამოქმედონ ყველა ბერკეტი, რომ ჩემი შვილი დაბრუნდეს სახლში. მოვუწოდებ ყველას ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომ შედეგი იყოს ნორმალური“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი