ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ პრემიერისგან ახალი ინფორმაცია არ მიუღია და ხვალ ოჯახი, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს ისევ გამართავს.

„შევხვდი პრემიერს. გუშინ დამირეკეს და ოჯახის წევრებისთვისაც არ მითქვამს ამ შეხვედრის შესახებ. არაფერი ახალი არ მომისმენია. პრემიერმა გვითხრა, რომ ჩვენ არასწორად გავიგეთ მისი ნათქვამი წინა შეხვედრაზე. მან თქვა, რომ მას კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. პრემიერი შეეცადა ჩემს დარწმუნებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩემი გადასვლა და ჩაბარება არ არის საღი აზრი, თუმცა ვერ გადამათქმევინებს ვერავინ. ხვალ მე ისევ შევეცდები გადასვლას ოკუპირებულ მხარეს, ასევე ისევ ძალაშია ჩვენს მიერ ხვალ დაანონსებული აქცია. ჩვენ ამ აქციით ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას და მეტ ყურადღებას ვთხოვთ“, – განაცხადა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.