ზაზა გახელაძე - მადლობას ვუხდი მთელ საქართველოს, მინდა, გავამხნევო ის ქართველები, ვინც იქ დარჩნენ და ვუთხრა, იმედი არ დაკარგონ

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ორი დღის წინ გათავისუფლებული ზაზა გახელაძე ჟურნალისტებთან იმ დეტალებზე საუბრობს, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება და რა პირობებში იმყოფებოდა ცხინვალის საპატიმროში.

როგორც გახელაძემ აღნიშნა, არ ელოდებოდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო მას 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობას მიუსჯიდა.

„დაკავებისას საოკუპაციო ხაზს მაშორებდა დიდი მანძილი. თვითონ რუსი სამხედროები იყვნენ შემოსული. ისინი იყვნენ შეიარაღებული. დამიძახეს, რომ დავინახე რუსი სამხედრო პირები, შევბრუნდი და გავიქეცი. პირდაპირ სროლა დამიწყეს. იქვე ჩემი მეგობარი იყო და ერთი გავისროლე, რომ გამეფრთხილებინა. ის, რომ 10-12-ჯერ ვისროლე, ეს არაა სიმართლე. მსგავსი არაფერი იყო. დავიჭერი ფეხში. ვეღარ მივრბოდი და დამიჭირეს. გადამიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც პირველადი დახმარება გამიწიეს. შემდეგ გადამიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში. სერიოზული ჭრილობა მქონდა, 13 დღე იქ ვიყავი, შემდეგ კი – ცხინვალში. პროცესები დაიწყო. არ ველოდებოდი ასეთ მძიმე სასჯელს. თავად რუსი სამხედრო, რომელმაც დამჭრა, სასამართლოზე თქვა, რომ მე არ მისვრია მათი მიმართულებით და ჰაერში გავისროლე. ამ ჩვენების შემდეგ, არ ველოდებოდი, რომ სასჯელი ასეთი მძიმე იქნებოდა. ციხეში რამე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა. იქ არც იმას აქვს მნიშვნელობა, ოსი ხარ თუ ქართველი. კარი რომ იხურება, ყველა ერთი ვართ. ციხეში ვუყურებდი ქართულ არხებს და ვიცოდი, რა ხდებოდა. იქ მეუბნებოდნენ, რომ ვიღაც ჰყავდათ და ჩემს გაცვლას მოითხოვდნენ“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

როგორც გახელაძემ აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ გათავისუფლება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დახმარებით მოხდა.

„როგორ მოხდა ჩემი გათავისუფლება, არ ვიცი. ერთი რამ ვიცი, ეს პატრიარქის დახმარებით მოხდა. გამიხარდა რომ გავიგე, ჩვენმა პატრიარქმა მისწერა რუსეთის პატრიარქს. მაშინ მომეცა იმედი, მაგრამ ასეთ მოკლე დროში არ ველოდი. 14 ივლისს ერთი ჩვეულებრივი დღე გამითენდა ციხეში. დილით ვივარჯიშე. „წითელი ჯვარი“ იყო შემოსული, ოჯახისგან გამოგზავნილი ნობათი შემოიტანეს, დამალაპარაკეს ოჯახის წევრებს. რა უნდა მეფიქრა, რომ იმ დღეს ვინმე გამომიშვებდა. გამოშვებამდე ერთი საათით ადრე მითხრეს, რომ ჩემი ნივთები ამეღო, თავისუფალი ვიყავი. ვერ აღვწერ ემოციას.

მადლობას ვუხდი მთელ საქართველოს. პატრიარქს, მთავრობას, არასამთავრობოა, ოპოზიციას, პოზიციას, ყველას მადლობა. მინდა გავამხნევო ის ქართველები ვინც იქ დარჩნენ და ვუთხრა რომ იმედი არ დაკარგონ“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან 14 ივლისს გათავისუფლდა.

დატოვე კომენტარი