ზაზა გახელაძე გათავისუფლდა 

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, გახელაძეს ქართველ სამართალდამცველებს რამდენიმე წუთში გადმოსცემენ.

როგორც ცნობილია, გახელაძე ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. მისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე შევიდა ძალაში. 11 ივლისს ერთი წელი გავიდა, რაც ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ მისი გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილი გაუგზავნა. ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გარდა, სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავებოდნენ.

დატოვე კომენტარი