ზაზა გაბუნია - მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო შორსაა, გაცილებით გაბედული, რიხიანი და შესამჩნევია
ზაზა გაბუნია - მიხეილ სააკაშვილი რაც უფრო შორსაა, გაცილებით გაბედული, რიხიანი და შესამჩნევია

მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად შეუძლია, სამყაროს ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსის ნომინაციაში გაიმარჯვოს – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო მარათონი ისევ ისე ჩატარდება, როგორც წინა არჩევნებისას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ძალიან შორი მანძილიდან საუბრობდა.

„მის მორიგ გამოხდომას არასერიოზულად ვუყურებ. ჩამოვიდეს და თავის პარტიასთან ერთად საკუთარი კამპანია წარმართოს. ყოფილი პრეზიდენტი პარტიულ მხარდამჭერებს აგულიანებს. მისი მცდელობაა, რომ სრულიად დაუსაბუთებელ, მოტანილ საკითხებზე ძალიან შორიდან ილაპარაკოს, რადგან რაც უფრო შორსაა, უფრო გაბედული, რიხიანი და გაცილებით შესამჩნევია.

მათ შორის, როცა საქმე არჩევნებს ეხება. სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულად ვუყურებ. მას რამდენად შეუძლია, იმ სერიოზულ საკითხებზე ისაუბროს, რომელიც ქართულ პოლიტიკას ეხება, ამაზე მას ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.