ზაზა ბაქრაძე - მინდა, დონაძეს ვუთხრა, ჩემს საკანში ერთი ადგილი თავისუფალია, მობრძანდით და ვიკამათოთ რამდენიც გინდათ
ზაზა ბაქრაძე - მინდა, დონაძეს ვუთხრა, ჩემს საკანში ერთი ადგილი თავისუფალია, მობრძანდით და ვიკამათოთ რამდენიც გინდათ

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გურამ დონაძეს ვუთხრა, ჩემს საკანში ერთი ადგილი თავისუფალია, მობრძანდით, დაბრძანდით და ვიკამათოთ რამდენიც გინდათ, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა.

მან ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი გააყალბეს და ეს საკუთარი თვალით ნახა.

როგორც ზაზა ბაქრაძემ განაცხადა, გაყალბების წინააღმდეგი იყო, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფმა ზურაბ მიქაძემ, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, მოუწოდა, რომ თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა, ხელმძღვანელი პირებისთვის მიემართა.

„ზურა მიქაძემ მითხრა, ახლა დაჯექი მანქანაში, მიდი გენერალურ პროკურორ ადეიშვილთან და თუ არ გინდა, მას უთხარიო, მაშინ მივხვდი, რომ მონაწილეობა უნდა მიმეღო. ასევე მითხრა, რომ კომენტარიც შენ უნდა გააკეთო ტელევიზიებთანო, რაზეც უარი ვუთხარი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბრალდებულმა ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა, რომ მოგვიანებით, საუბარი დაიწყეს იარაღების მოტანასა და შემთხვევის ადგილის გაყალბებაზე.

„ზურაბ მიქაძემაც მისცა ჩვენება 2012 წელს და ბევრი სიმართლე თქვა, მაგრამ მერე შემომითვალა, ეს გირაოსთვის მჭირდება და სასამართლოზე შევცვლი, არ ინერვიულოო. მე არ წავსულვარ იარაღის მოსატანად მაგრამ თანხმობა მივეცი. იარაღები ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან ზურაბმა თავისი მანქანით მოიტანა. იქ მიქაძეს არავინ გაატანდა იარაღს, დარეკა დავით იაშვილმა და ამის მერე მიიტანეს იარაღები.

მე მაქვს მონაწილეობა მიღებული იარაღის ჩადებაში, გურამ დონაძემ შემთხვევის ადგილის გაყალბება გურამ დონაძემ თავის თავზე აიღო. მიდიოდა ჩადება როგორც ხელყუმბარის, ისე – იარაღის. ბუტას ედო იარაღი და ეს იარაღი გაქრაო, ეს გაქრა, რადგან გადამოწმდა, რომ ცხოვრობდა კეკელიძის #26-ში და გადამოწმდა, რომ არავინ იცნობდა ბუტას, პოლიციის მიერ შემჩნეული არ იყო და ამიტომ ამოიღეს მერე იარაღი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს პირველად ესწრება აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელმაც სასამართლოს წინაშე ბრალი აღიარა.

შსს-მ 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1-ელ მარტს დააკავა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.