ზაზა ბაქრაძე - ბუტა რობაქიძის საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულება გურამ დონაძის დავალებით დამონტაჟდა 
ზაზა ბაქრაძე - ბუტა რობაქიძის საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულება გურამ დონაძის დავალებით დამონტაჟდა 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, შსს-ს ყოფილი მაღაჩინოსანი ზაზა ბაქრაძე აცხადებს, რომ ვიდეოკადრები, რომელიც საქმეში მტკიცებულებად არის წარდგენილი, გურამ დონაძის დავალებით დამონტაჟდა.

როგორც ზაზა ბაქრაძემ პირველ არხს განუცხადა, კადრები რომ გაყალბებულია, ეს ფაქტია.

„გურამ დონაძე აპელირებს, თითქოს მოყავდათ არაერთ პოლიციის თანამშრომელი, პატრულის თანამშრომელი და თითქოს ეს ინფორმაცია არც ერთს არ დაუდასტურებია, შეშინებულები არიან ეს პატრულის თანამშრომლები. კადრები, რითაც აპელირებს გურამ დონაძე, დამონტაჟებულია სამჯერ და მეტჯერაც. ისინი დამონტაჟდა გურამ დონაძის დახმარებით”, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, იარაღები, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.

ბუტა რობაქიძის სასმართლო პროცესზე დღეს ვიდეო ექსპერტი გიორგი გიორგაძე დაიკითხა. მისი განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი, მონტაჟის წესით არის მიღებული.

გიორგი გიორგაძის თქმით, კადრებში, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლები დაკავებულების მანქანაში იარაღებს პოულობენ, გაუმართლებელი ცვლილებები ფიქსირდება და ვიდეო ერთმნიშვნელოვნად დამონტაჟებულია.