ზაქარია ქუცნაშვილი - ვინც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის წინააღმდეგია, უნებლიედ ჩართულია დოგმატურ ჩარჩოებში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქადაგებს
ზაქარია ქუცნაშვილი - ვინც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის წინააღმდეგია, უნებლიედ ჩართულია დოგმატურ ჩარჩოებში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქადაგებს

მოვეშვათ ამ ქაჯობას, დავიცვათ ეროვნული ინტერესები და გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორუმები, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეისა და მასში მონაწილე რუსეთის დელეგაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვემიჯნებით ზოგადად გავლიროვისა და რუსული დიპლომატიის პოზიციას. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ღონისძიება მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სახით, ამიტომაც ერთმანეთთან არათანაზომადია ​გავრილოვის მონაწილეობით იმ მნიშვნელოვანი მოვლენის გადაფარვა, რაც თბილისში ხდება. ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო დიპლომატიის ინსტრუმენტები გვაქვს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ ის, ვინც ამ ინსტრუმენტებბის გამოყენების წინააღმდეგია, უნებლიედ არის საქართველოს მთლიანობის, საქართველოს გამთლიანებისთვის ბრძოლის მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ემოციური განცხადებებით ეს საქმე ვერ გაკეთდება.

„საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს იმხელა ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერე,  რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ჩვენ ხელში მხოლოდ ორი ინსტრუმენტია საერთაშორისო დიპლომატიისა და საპარლამენტო დიპლომატიის სახით. ვინც ამ ტრიბუნაზე უარს ამბობს, საქართველოს მთლიანობაზე ამბობს უარს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობა და ღონისძიება.

„ვინც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის წინააღმდეგია, ის უნებლიედ ჩართულია იმ დოგმატურ ჩარჩოებში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქადაგებს“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლებისთვის არის თუ არა სერგეი გავრილოვის აქ ყოფნა მორალური უხერხულობა და რა უნდა გაკეთებულიყო, რომ არ მომხდარიყო ეს უხერხულობა, ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ვისაც დიპლომატია ესმის, იცის, რომ დელეგაციის შემადგენლობას ის ქვეყანა განსაზრვრავს, რომელიც დელეგაციას გზავნის და არა გენერალური სამდივნო ან მასპინძელი ქვეყანა.

„მე ვუწოდე ამას დიპლომატიური ქაჯობა, რადგან ამ მნიშვნელოვანი გენერალური ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დიპლომატია ესმის, სახელმწიფოები ვის მიავლენენ დელეგაციის შემადგენლობაში, წყვეტენ მათი ადგილობრივი პარლამენტები და არა ათენი, საერთაშორისო გენერალური სამდივნოს სახით ან თბილისი, მასპინძლობის სახით. ვისაც ეს არ ესმის, არის დიპლომატიური ქაჯი. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გოსდუმაში ვინმე დეპუტატი, ვისაც ხმა არ აქვს მიცემული ცხინვალის, სამაჩაბლოს რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის, ასეთი დეპუტატი არ არსებობს. მაგ ლოგიკით საქართველოში შემოსაშვები არავინ არის. მოვეშვათ ამ ქაჯობას, დავიცვათ ეროვნული ინტერესები და გამოვიყენოთ საერთაშორისო ფორუმები“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.