ზალიკო უდუმაშვილი - ამ ქვეყანაში მალე დასრულდება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანის პარპაში
ზალიკო უდუმაშვილი - ამ ქვეყანაში მალე დასრულდება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანის პარპაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ზვიად კუპრავას დაკავება და მისი პატიმრობაში დატოვება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

უდუმაშვილის სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, სადაც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა, თუმცა კუპრავა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე პროცესები საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

„ოთხი თვეა, ზვიად კუპრავა არის გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. ოთხი თვე გრძელდება პატიმრობა და გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს და გიორგი გახარიას, ბოლომდე დასაჯონ ზვიად კუპრავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ აბსურდული ბრალდებით, რისთვისაც კუპრავას ასამართლებენ, საერთოდ არც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში. ზვიად კუპრავა მალე გათავისუფლდება და ასევე, ძალიან მალე დასრულდება ამ ქვეყანაში მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლო კლანის პარპაში და ძალიან მალე დასრულდება ასევე ივანიშვილის ხელისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზვიად კუპარავას თავდებობას ხელს აწერდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ასევე პარტიის სხვა წევრები.

ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი, გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება. გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო პატიმრობით შეეცვალა.