ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა [ფოტო]
ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა [ფოტო]

ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლის განცხადებით, არ იყო წარდგენილი ახალი არსებითი გარემოებები, რომლებზეც იმსჯელებდა სასამართლო.

ადვოკატი ითხოვდა ხუთი ათასლარიან გირაოს. ადვოკატმა ასევე წარადგინა, რომ თავდებში უდგებოდა შვიდი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასევე თავდებში უდგებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომაზე პროტესტი მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე უნდა განხილულიყო მხარეების რეპლიკები, ასევე მოსამართლეს დაგეგმილი ჰქონდა განაჩენის გამოცხადება, მაგრამ პროკურორი სხდომაზე არ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით. შესაბამისად, რეპლიკების განხილვა აღარ მომხდარა და მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება გადადო.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.