ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჟოზეფ ბორელის განცხადებაში გარკვეული უზუსტობა იყო
ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ჟოზეფ ბორელის განცხადებაში გარკვეული უზუსტობა იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება.

უდუმაშვილი გამოეხმაურა შემდეგი საპარლამენტო არჩევნების 2024 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას.

„ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე არ იქნება ოპოზიციის შეხვედრა ბატონ დანიელსონთან, ალბათ მაშინ გაირკვევა ზუსტად ხელისუფლების გეგმებიც. მოვისმინეთ განცხადებები, რომელიც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო და ნამდვილად არ წაადგება მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო შეხვედრას, რადგან არ მინდა, წასასწარ გავაკეთო რამე დასკვნები“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება ჟოზეფ ბორელის მიერ არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ მის განცხადებაში გარკვეული უზუსტობა იყო.

„გარკვეული უზუსტობა იყო ამ განცხადებაში, რადგან ასე არ წერია ეუთო-ს დასკვნაში, მიუხედავად ამისა, ბორელის განცხადებაში ასევე იყო ისიც, რომ მოლაპარაკების პროცესში პასუხისმგებლობის ძირითადი წილი ახლა ხელისუფლებაზეა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებ იქნება პასუხისმგებელელი მოლაპარაკების საბოლოო შედეგზე“, – დასძინა ზაალ უდუმაშვილმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.

მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად.

ამასთან, ბორელის განმარტებით, მისი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები. აქვე, ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.