ზაალ უდუმაშვილი - კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობრივი მოწოდებები იყო, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს
ზაალ უდუმაშვილი - კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობრივი მოწოდებები იყო, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს

ძალიან მძიმე საყურებელი იყო ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა მთავრობის ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებას იცავს, შესააბამისად, სახელმწიფო და ხელისუფლება ვალდებულია, აღასრულოს კონსტიტუცია.

„ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ მხარეს დგას, უნდა იყოს დაცული. სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ არ ან ვერ დაიცვა მისი თანამოქალაქეების უფლებები. რაც გუშინ გვესმოდა, კონტრაქციის მონაწილეების ლიდერებისა და ორგანიზატორების მხრიდან, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობრივი მოწოდებები, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს “, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ.

ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.

ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში შვიდი პირი რჩება, 21 ხელწერილით გათავისუფლდა.