ზაალ უდუმაშვილი - კონგრესმენის წერილი არის წითელი ბარათი დღევანდელი ხელისუფლებისთვის
ზაალ უდუმაშვილი - კონგრესმენის წერილი არის წითელი ბარათი დღევანდელი ხელისუფლებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილი არის მართლაც წითელი ბარათი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

როგორც უდუმაშვილი ამბობს, საქართველოს ემუქრება სერიოზული საფრთხე დემოკრატიის კუთხით. მისივე თქმით, აშშ-დან კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს უნდა ველოდოთ.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით ქრონოლოგიას, როგორ ვითარდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში მოვლენები, კარგად ვნახავთ, რომ აშშ-ის მხრიდან ყოველდღიურად მკაცრდებოდა ტონი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. დავიწყოთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რომელსაც მოჰყვა ასევე კონგრესმენების განცხადება და კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთ ნაბიჯს აღარ აპატიებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც იქნება გადადგმული დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. ძალიან სწორად აფასებენ საქართველოში შექმნილ ვითარებას ჩვენი ამერკელი პარტნიორები. სწორედ განგაში ატეხეს მართლაც ბოლო თვეების განმავლობაში, რადგან საქართველოს ემუქრება სერიოზული საფრთხე დემოკრატიის კუთხით. ამიტომ, ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის გამადიდებელი შუშის ქვეშ და აკვირდებიან ყოველ მათ ნაბიჯს. ნურავინ ნუ იფიქრებს, განსაკუთრებით „ქართული ოცნებიდან“, რომ კიდევ შერჩებათ მათი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, არ არის ეს ბოლო წერილი ამერიკის მხრიდან. კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს ველოდებით ჩვენ აშშ-დან“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, „პრაქტიკულად ყველა აღიარებს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ოლიგარქიული ხელისუფლების შექმნას ქვეყანაში.

მისივე განცხადებით, გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, არის ცვლილებები.

„ერთ კაცზე არის ყველაფერი დამოკიდებული. ამიტომაც, ეს არის მთავარი პრობლემა იმ ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაშენებთ.

გამოსავალი არის ცვლილებები. ამას შეიძლება ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ასე ღიად, პირდპაირ ჯერ არ ამბობენ, მაგრამ აუცილებლად იტყვიან ამასაც. ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში ეს არის სასწრაფო ცვლილებები, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ განვითარების გზას“,- განაცხადა უდუმაშვილმა.