ზაალ უდუმაშვილი - ღმერთი არ გაუწყრეთ და ვერტმფრენი არ დაჯდეს გლდანის ციხეში, რომელიც არის პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი მიხეილ სააკაშვილისთვის
ზაალ უდუმაშვილი - ღმერთი არ გაუწყრეთ და ვერტმფრენი არ დაჯდეს გლდანის ციხეში, რომელიც არის პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი მიხეილ სააკაშვილისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თუ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, ეს იქნება პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი სააკაშვილისთვის როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„ღმერთი არ გაუწყრეთ და ეს ვერტმფრენი არ დაჯდეს გლდანის ციხეში. გლდანის ციხე არის პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც სამედიცინო, ასევე მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ამბულატორია, სადაც შეიძლება, უბრალოდ ძალიან ელემენტარული პროცედურები გაიარონ პატიმრებმა, როდესაც მათ რაღაც დაუშავდებათ ციხეში. არანაირი მომსახურების დონე არ გააჩნია მას, რომ ასეთი პაციენტი მიიღოს. ამას ირწმუნება ყველა ექიმი მთელი ამ 39 დღის განმავლობაში რამდენი ექიმის პოზიციაც მე მოვისმინე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „დღევანდელ აქციაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რა იცვლება, როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა“, – უდუმაშვილის თქმით, არაფერი არ იცვლება.

„არაფერი არ იცვლება პრაქტიკულად, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეიტანა ხელისუფლებამ იმ ყველაფერში, რასაც დღეს ვუყურებთ“, – დასძინა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, როგორც ჩანს, სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, სად წაიყვანეს ის.

გიული ალასანიას ვარაუდით, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებენ სწორედ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აღარ იმყოფება.