ზაალ უდუმაშვილი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ან ახლა სად იმყოფება, მთავარია, რომ ის საქართველოშია
ზაალ უდუმაშვილი - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ან ახლა სად იმყოფება, მთავარია, რომ ის საქართველოშია

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა ინფორმაცია ჰქონდა, როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ან ახლა სად იმყოფება. მთავარია, რომ ის საქართველოშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„მთავარია, რომ ის საქართველოშია და ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ოპოზიციის გამარჯვებაში. ახლა მთავარია, რომ ხვალ ჩვენ მშვიდად, წყნარად მივიდეთ არჩევნებზე და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია.

მნიშვნელოვანი პროცესების წინ დგას საქართველო და ეს პროცესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. თითოეული ხმა არის გადამწყვეტი იმისთვის, რათა ჩვენი გადაწყვეტილება მთელმა საქართველომ გამოვუცხადოთ „ქართულ ოცნებას“, რომ მათი დრო ამოიწურა. ცვლილებების დრო დადგა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია დილით მისი პოსტიდან შეიტყო.

„ვფიქრობ, ყველამ ასე გავიგეთ და ძალიან გამიხარდა. ბუნებრივია, ჩვენ ვემზადებით, რათა გავიმარჯვეთ არჩევნებში და ბუნებრივია, რომ აქ მთავარი იქნება ხმების დაცვა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.