ზაალ უდუმაშვილი - არ მგონია, „გირჩის“ კანონპროექტი საერთოდ ინიცირებული იყოს
ზაალ უდუმაშვილი - არ მგონია, „გირჩის“ კანონპროექტი საერთოდ ინიცირებული იყოს

მესმის, რომ გარკვეული პარტიებისთვის რთულია, როდესაც პრაქტიკულად, მოტყუებულები დარჩნენ „ქართული ოცნების” შემდეგ, რომელმაც შემოიტანა მახინჯი და ბარბაროსული კანონპროექტი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს პარტიები ახლა ეძებენ გამოსავალს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ იმავე სულისკვეთების კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

„არ მგონია, რომ ახლა დღის წესრიგში უნდა იდგეს საკითხი ასე, როგორც ამას ეს პოლიტიკური გაერთიანება აყენებს. 20 ივნისი სხვა თემებთან არაფერ შუაშია. ჯერ გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ, იმ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღეს მათ შორის „გირჩის“ მონაწილეობით, რომელიც ამაზე საუბრობს. მესმის, გარკვეული პარტიებისთვის რთულია, როდესაც, პრაქტიკულად, მოტყუებულები დარჩნენ „ქართული ოცნების” შემდეგ. „ოცნებამ” შემოიტანა მახინჯი და ბარბაროსული კანონპროექტი ამნისტიასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, ეს კანონპროექტი შეიძლება, გავიდეს. ახლა ეძებენ გამოსავალს, მაგრამ ჯობს, ახლა იმ კანონპროექტზე კონცენტრირდენ, რომელიც მისაღებია. არ მგონია, საერთოდ, ეს კანონპროექტი ინიცირებული იყოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.