ზაალ უდუმაშვილი - არ მაქვს ინფორმაცია, ვის ხვდებოდა კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ არაა იმ სიაში, ვისთანაც შესაძლოა, შეხვედრები გამართულიყო, უფრო ვვარაუდობ, რომ ეს „ოცნების“ მორიგი სიცრუეა
ზაალ უდუმაშვილი - არ მაქვს ინფორმაცია, ვის ხვდებოდა კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ არაა იმ სიაში, ვისთანაც შესაძლოა, შეხვედრები გამართულიყო, უფრო ვვარაუდობ, რომ ეს „ოცნების“ მორიგი სიცრუეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიებთან მართავდა შეხვედრას ირაკლი კობახიძე. უდუმაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი პარტიების სიაში ნამდვილად არ არის.

ამავდროულად, უდუმაშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი სიცრუეა.

„მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ახლა ვის ხვდებოდა ირაკლი კობახიძე. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად არ არის იმ სიაში, ვისთანაც ეს შეხვედრები შეიძლება, გამართულიყო, თუმცა მე უფრო ვვარაუდობ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი სიცრუეა, რადგან ჩვენ 31 ოქტომბრის შემდეგ მუდმივად გვესმის – რამდენიმე პარტია შემოდის, სურათი კი არის ის, რომ პარლამენტი ერთპარტიულია და დიდი შანსი აქვს, ასე განაგრძოს მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“, თუ დროულად არ მოვა რაციონალური წინადადებით მოლაპარაკების მაგიდასთან. ასე რომ, ყოველ დღე ვისმენთ ჩვენ ამ ბრიფინგებს, ხან რას გვაბრალებენ, ხან რას, მაგრამ ფაქტი ერთია, დღეს არსებული მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი და ამაზე პასუხისმგებელი მთლიანად „ქართული ოცნებაა“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“მიერ 48 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

„ბუნებრივია, თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის მოთხოვნა, რომელიც ზოგადად ოპოზიციას გააჩნია – ეს არის ვადამდელი არჩევნები. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ამოცანა არის ის, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შესაბამისად, ჩვენ ეს მოთხოვნა გვიდგას დღის წესრიგში.

ჯერ არ ვიცით, მეხუთე რაუნდზე „ქართული ოცნება“ რა წინადადებით მოვა. ჩვენი პოზიცია მათი წინადადების მიხედვით იქნება. ზოგადად, როდის იქნება ეს მეხუთე რაუნდი, ისიც კი არ ვიცით. როდესაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ჯერჯერობით არ დადასტურებულა ეს არც ელჩების მხრიდან, არც „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ მზად ვართ შესახვედრად. ამის პრობლემა არ არის. მთავარია, „ქართული ოცნება“ მოვიდეს რაციონალური წინადადებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებს ორმხრივი კონსულტაციები სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდათ.