ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს ორმხრივი კონსულტაციები სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდათ
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს ორმხრივი კონსულტაციები სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს მოლაპარაკებებში მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა ორმხრივი კონსულტაციები.

მისივე თქმით, მსგავსი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა სთხოვეს.

„ჩვენ ასეთი კონსულტაციების წარმართვა დიპლომატებმა გვთხოვეს და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. თითქმის ყველა პარტია იყო, გამოკლებით ერთი ან ორი პარტიის, ვისთანაც არ იმართებოდა ასეთი კონსულტაციები. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ჩვენ დაველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, სადაც ალბათ უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ასეთი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან.

„მე ვთქვი ნახევარზე მეტი. ნახევარზე მეტი არის მინიმუმ ხუთი. თუმცა ხუთზე მეტიც არის ასეთი პარტია. კონსულტაციები წარმოებდა ბევრთან, თითქმის ყველასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრები არ იყო?“, კობახიძე პასუხობს: „ამ ორიდან ერთ-ერთთანაც იყო, მინიმუმ“.