ყვითელჟილეტიანები დღეს მსვლელობას პარიზის ცენტრალურ ქუჩებში მოაწყობენ [ფოტო]
ყვითელჟილეტიანები დღეს მსვლელობას პარიზის ცენტრალურ ქუჩებში მოაწყობენ [ფოტო]

პარიზში ​ყვითელჟილეტიანები დღეს მსვლელობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოაწყობენ. ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს განუცხადეს, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქიდან აქციას გააშუქებენ.

პარიზის ცენტრში აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ამასთან, პარიზის ქუჩებში პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება აქციებისთვის პოლიციის გარდა სამხედროების მობილიზებას გეგმავს. აქციამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთ ლიდერს, მაქსიმ ნიკოლს ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილებით ხალხს ჯარსა და პოლიციას უპირისპირებს.

პენსიებისა და ხელფასების გაზრდისა და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, მოძრაობის წევრები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

აქციები საფრანგეთის ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას გასული წლის ნოემბრიდან იმართება.