ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი 8 მაისს გაიმართება #1TVSPORT
Wings for Life World Run, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი, სტარტს 8 მაისს, 15:00 საათზე მეცხრედ აიღებს. საქართველო გარბენს აპლიკაციით უერთდება. რეგისტრაციის საფასური, 8 ევროს ეკვივალენტი ლარში, ისევ სრულად გადაირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევებისთვის.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება
მსოფლიო რბენის სტარტი სხვა ყველა ღონისძიებისგან მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ამ დღეს მხარდამხარ დარბიან, დადიან და ეტლით გადაადგილდებიან სრულწლოვანი დამწყები და პროფესიონალი სპორტსმენები, მსოფლიო რბენის გულშემატკივრები.
მონაწილეები სირბილს თუ ეტლით გადაადგილებას ერთსა და იმავე დროს იწყებენ. ზუსტად 30 წუთში კი ვირტუალური ფინიშის მანქანა მათი გავლილი მანძილის ასათვლელად დაიძვრება. მორბენლისთვის/ეტლით მოსარგებლისთვის რბენა მაშინ სრულდება, როცა მათ ფინიშის მანქანა დაეწევა.
აპლიკაციით რბენის ღონისძიება „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც ირბენენ მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩები, კორპორაციული გუნდები და ინდივიდუალურად დარეგისტრირებული მორბენლები. მათ, ვისაც მარტო ან მეგობრებთან ერთად სირბილი ურჩევნია, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სასურველი ადგილი.
მსოფლიო რბენაზე რეგისტრაცია 8 მაისამდე გრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს Wings for Life World Run-ის აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com.