მოქალაქეებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი და აქვთ კრედიტი, ბანკისთვის მიმართვის შემთხვევაში საკრედიტო პროცენტი სამი თვით გადაუვადდებათ
მოქალაქეებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი და აქვთ კრედიტი, ბანკისთვის მიმართვის შემთხვევაში საკრედიტო პროცენტი სამი თვით გადაუვადდებათ

ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საბანკო კრედიტები ასევე გადაუვადდებათ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება.

„საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის, ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს. ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, ასევე სამი თვით. ვიმეორებ, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გახარიამ.