ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება
ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება

ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გუშინ შედგა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის, ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს – ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, ასევე სამი თვით. ვიმეორებ, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.