ყველა ბავშვს სურს გახდეს მომავალი კვარაცხელია - სფფ-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT
ყველა ბავშვს სურს გახდეს მომავალი კვარაცხელია - სფფ-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი – „მამების თასი“ გაიმართა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, „მამების თასი“ წელს მეოთხედ ჩატარდა.

ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, ჰასან მოჰთაშამი და შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი.

„მამების თასი“ პირველად 2017 წელს ჩატარდა. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში ტურნირი ვერ ჩატარდა და ახლა ორწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

„ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია. პანდემიის გამო მას ორი წელი ვერ ვატარებდით და საბედნიეროდ, ახლა ისევ ერთად ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ბავშვებს უხარიათ. ბავშვებს და საზოგადოებას სხვა საინტერესო პროექტებსაც შევთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, აქ მოსულ ყველა ბავშვს სურს გახდეს მომავალი კვარაცხელია – მსგავსი წარმატება ბავშვებისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა“, – ამბობს სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.