ყრუაშვილი ფიფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრი გახდა - ის პირველი ქართველია, რომელმაც უმაღლეს სამსაჯო კლასიფიკაციას მიაღწია #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა – ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფა-მ პირველი კლასის სამსაჯო კლასიფიკაციაში დააწინაურა და უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩებს განსჯის.
„ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფა-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფა-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია“, – წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფა-ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი ქართულ ბრიგადასთან ერთად 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.
აქვე ვიტყვით, რომ ასევე დააწინაურეს ქართველი არბიტრები, გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი, რომლებიც დღემდე ფიფა-ს მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ – დღეიდან ორივე საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობს.