ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია დაანონსებული განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია დაანონსებული განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადმინისტრაციის განცხადება, რომელიც 13 საათისთვის იყო დაანონსებული, ამ დრომდე არ გაკეთებულა. არ არის გამორიცხული მენეჯმენტმა ოფიციალური განცხადებისგან საერთოდ შეიკავოს თავი, ამის მიზეზი კი, სასტუმროს ადვოკატის, კახაბერ წერეთლის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მიმდინარე მოლაპარაკებაა.

„ჯერ ვერაფერს გეტყვით, ვერც ოფიციალური განცხადების დროს დაგისახელებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოლაპარაკების შედეგზე”,-განუცხადა პირველ არხს კახაბერ წერეთელმა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წინადადებები აქვს სასტუმროს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია მუშაობის გაგრძელებას სეზონის ბოლომდე ითხოვს. თანამშრომელთა განცხადებით,  სასტუმრო  თითქმის სრულად არის დაჯავშნული ოქტომბრის ბოლომდე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.