ყოფილი დიპლომატები NATO-ს სამიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს მიმართავენ
მადლენ ოლბრაიტი და მასთან ერთად 15 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს სამიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს მიმართავენ. ტრამპისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი და გერმანიის ყოფილი მთავრი დიპლომატი იოშკა ფიშერი. დიპლომატები აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.
გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხის არასათანდოდ შეფასება, საბედისწერო შეცდომა იქნება. ამასთან, ყოფილი მინისტრები წერილში აქებენ ტრამპს, რომ მან NATO-ს სხვა ქვეყნებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ უბიძგა.
როგორც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ამბობს, ევროპაში დღეს „შეშინებულები და დაბნეულები“ არიან.
„ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს აშშ-ის პოზიციის გამო შეშფოთებული ევროპა“, – ამბობს ოლბრაიტი. მისი განცხადებით, ეს შეშფოთება განსაკუთრებით დიდია, თუ მხედველობაში მივიღებთ დონალდ ტრამპის ქცევას დიდი შვიდიანის სამიტზე, სადაც მან ისეთი პარტნიორები გააკრიტიკა, როგორიცაა კანადა და გერმანია. ამის შემდეგ კი, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს შეხვდა და კიმ ჩენ ინი შეაქო. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპი ანალოგიურად მოიქცევა ბრიუსელის სამიტზეც.
ამასთან, დიპლომატები აღიარებენ, რომ აშშ-ი დღეს არაპროპორციულად დიდ თანხებს ხარჯავს თავდაცვაზე, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა სამხედრო ხარჯების გაზრდა დაიწყეს.
„ნატო-ს სამიტი ბრიუსელში შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება თქვენთვის, რომ ხაზი გაუსვათ ამ პროგრესს და მიიღოთ შექება იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებს უბიძგეთ მეტი დახარჯონ თავდაცვაზე“, – წერია ყოფილი მინისტრების წერილში.
გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის და რუსეთის თანამშრომლობა სირიის საკითხზე აუცილებელია.
„თუმცა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არის საშუალება, რითიც უფრი ფართო სტრატეგიული ამოცანების მიღწევაა აუცილებელი. როგორც თქვენი ადმინისტრაციის ეროვნულ სტრატეგიაში ნათლად არის განმარტებული, რუსეთი ჩართულია ისეთ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია აშშ-ის გავლენის დასუსტებისა და ევროპელ მოკავშირეებთან უთანხმოების გამოწვევისკენ. რუსეთის ქმედებები ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში არის უკრაინის სუვერენიტეტის შელახვა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. რუსეთის ჩარევა საარჩევნო პროცესებში მთელ მსოფლიოში ძირს უთხრის დემოკრატიისადმი ნდობას. ამ ქმედებების იგნორირება საბედისწერო შეცდომა იქნება, რაც არასტაბილურობას და აგრესიას ახალ ბიძგს მისცემს“, – ნათქვამია წერილში.
მადლენ ოლბრაიტი აფრთხილებს ტრამპს, სიფრთხილით მოეკიდოს პუტინთან ურთიერთობას, რადგან პუტინი KGB-ს ყოფილი აგენტია, რომელსაც სისუსტეების გამოყენება კარგად შეუძლია.