ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ, მათ შორის სამინისტროსთან შესაძლოა, კარვებიც გაშალონ.

ამასთან, როგორც დევნილები აცხადებენ, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუმცა სამინისტრო მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობს, რაც მათი თქმით, მიუღებელია. ამასთან, აცხადებენ, რომ არ იციან, დაუფარავს თუ არა სახელმწიფო ქირის საფასურს.

შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური შეხვდა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.